რედაქტორის წინასიტყვაობა: ქვემოთ მოთხრობილი ისტორია მე არანაირად არ მეკუთვნის, გავიკითხე და ყველგან ასე მიყრილ მოყრილად დევსო და წაიღეო, ავტორი ხომ არის მითითებულიო, თუ სადმე დევს ორგანიზებულად – პლზ დამილინკეთ რო დავლინკო. ასევე, მაგავე ბრძოლებში მონაწილეთა თქმით(სხვა პოზიციებიდან) სტატიაში არის რიგი უზუსტობები გამოწვეული ინფორმაციის არ ქონით, მაგრამ რეალურად უზუსტობები უმნიშვნელოა და მოთხრობას ნამდვილად არ გაგიფუჭებთ
მათ ვისაც ტერიტორიაზე რეკოგნოსცირება უსწორდება, ეს მოთხრობა სადღაც აქ ხდება(თუ ზუსტად აქ არა), ქვემოთ ტექსტში სურათადაც დავდე: http://wikimapia.org/#lang=en&lat=43.048851&lon=40.983253&z=16&m=b
15-18 მარტის მოგონებები აფხაზეთის ომიდან.
ავტორი გიორგი ხიზანიშვილი. დაჯგუფება “თეთრი გიორგი”
1993 წლის იანვარში ჩვენი შენაერთი გამოყვანილ იქნა აფხაზეთიდან და სამოქალაქო ცხოვრებით (ლოთაობა დიდად შესარგი) დავკავდი. იანვარ-თებერვალი როგორღაც გადავაგორე და მარტში უკვე “ლომკები” დამეწყო, ავუარე ჩემ უბნელ თანამებრძოლ “ცარიელას”, მისგან გავიგე რომ ჩვენებიდან აფხაზეთში მხოლოდ სვანი “ვოვაჩკა” და ადგილობრივი “წიე” იმყოფებიან ახალი ჯგუფით, სადღაც 10-15 კაცი.
მეტი აღარც გვიბაზრია, ორივემ ჩავალაგეთ ბარგი და ჰაიდა აეროპორტში.
პირველმა დღეებმა ნაყოფიერად ჩაიარა, სვანური პლანი, ზღვის ჰაერი და ჰამაკი კოტეჯის აივანზე, რაღა გინდა კაცს მეტი? ☺
მოკლედ ისეთი მოწყენილობაა, რომ გენერლებს სამხრეებზე ჯონჯოლი და პრასი წამოეზარდათ.
აი კაკ რაზ დღეს, 15 მარტს (სტატია დაწერილია 2017 წლის 15 მარტს), საღამოს, კიდევ ერთი ჩვენიანი ჩამოფრინდა თბილისიდან და უმალვე უკან გაფრინდა, თან “ვოვაჩკაც” გაიყოლია და დავრჩი ასე (იძულებით) – ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების კორპუსის ცალკეულ დივერსიულ-სადაზვერვო ბატალიონის (ეხლაც მზარავს სახელწოდება ) მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად.
რეალობაში კი 18 კაცი ვართ (ჩემიანად) და აქედან ელემენტარული საბრძოლო გამოცდილება სულ 4 კაცს გვაქვს: მე, ცარიელა, მეტყვიამფრქვევე წიე და ყუმბარმტყორცნელი ნუგზარა. მოკლედ ბრიგადა “უუუხ”
საღამოს მაგარი (2 ნაფაზიაან) პლანის გრევიც მოგვივიდა და უკვე შუაღამისას მივეყარენით დასაძინებლად საქართველოს სიყვარულით დაბოლილი ვაჟკაცები
მაგრამ ვინ დაგვაძინა?!
16 მარტის დილა გათენებულიც არ იყო, რომ განგაშზე წამოგვყარეს, არიქა სოხუმს დაეცნენ და ქუჩებში მიდის ბრძოლებიო.
ჰეე მოგეცა ლხენა, მგონი საქმე გამოგვიჩნდა!
მაგრამ ქუჩის ბრძოლების არანაირი გამოცდილება არ გვაქვს, ჩვენ ძირითადად ტყვარჩელის მიმართულების ტყე-ღრეებში გვიწევდა ბრძოლები, მაგრამ იხტიბარს ხომ არ გავიტეხავ? ისეთი “როჟა” მაქვს შეკერილი თითქოს მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ დღეს ველოდი.
უცბად ავლაგდით ლოგინებიდან, აღვიკაზმეთ და მზად ვართ სოხუმისკენ გასაქუსლად.
ერთი დანაკარგი უკვე გვაქვს, რადისტი ბიჭი კაცს აღარ გავს, ვუყურებ და მეშინია ამის პანიკები სხვას არ გადაედოს, თანაც რაციის ელემენტებიც დამჯდარი აქვს, პატრონივით მოკლედ დავტოვე ბაზაზე ჩვენი ძირითადი შემადგენლობის ჩამოსვლამდე და “საბრძოლო” დავალებაც მივეცი, ჩვენი ნივთებისთვის მიეხედა.
ურალს შემოვახტით 17 მებრძოლი და გავუდექით სოხუმისაკენ. გზად ხალხი გვეგებება ტრასაზე, მაგრამ როგორც კინოებში მინახავს ისე არა, ხელს არავინ გვიქნევს, მდუმარედ გვაცილებენ სიყვარულით და იმედით სავსე მზერას. არ შესული სოხუმში, კომპოზიტორების პანსიონში გაგვაჩერეს, იქ ვიკრიბებით მთელი რეზერვი. ტრასაზე რამოდენიმე აფხაზის გვამი გდია, არადა იქ არანაირი ბრძოლები არ მიმდინარეობს.
წითელ პაგონიანი (აშკარად არა საბრძოლოდ ჩაცმულები) მილიციელებით აივსო იქაურობა და უკვე გასაგებია რომ ედიკა სადღაც ახლოსაა, მალე ეგეც მოვიდა, რაღაცეები იბჟუტურა მეთაურებთან და წავიდა.
ჩვენც დავიძარით სოხუმის მთავარი შტაბისკენ, ჩემს გვერდით “თეთრი არწიველი” თათარაშვილი თავის არწივებს მიმართავს: (სადაც კი დედამ შვილი დაწყევლა, ყველა მაგის შენაერთშია, ბეზპრიზორნიკებს ვეძახდი, ყველაზე უფროსი 19 წლისა იყო ) – ” შევდივართ სოხუმში, ვბრძოლობთ სიკვდილამდე, დაგვეჭრება ვინმე? დაჭრილები გამოგვყავს და ისევ ბრუნდებით ბრძოლაში”! – უუუხ შენ გენაცვალე ჯიგარში
გადავხედე ჩემებს და კიდევ კარგი ახლოში არ არიან და არ გაუგიათ, თორემ კიდევ მექნებოდა “დანაკარგი”
სოხუმის მთავარი შტაბიდან აჩადარაში გაგვამწესეს ჩვენ და “ორბი”, ერთიანად 60 კაცამდე ვართ. ავტობუსმა აჩადარის გადასახვევში ჩამოგვსვა და ველოდებით იქიდან მეკავშირეს რომ შეგვიყვანოს, მანქანა მანქანაზე მოქრის აჩადარიდან, ბაგაჟნიკებშიც კი მებრძოლები არიან
“დაჭრილი მიგვყავს და მალე დავბრუნდებით” ყველას ერთი ტექსტი აქვს
“აბა გელოდებით ბრატცი” ვპასუხობთ ჩვენც, მოკლედ უკვე სისხლის სუნი ახლოშია, აშკარად იგრძნობა.
აჩადარაში შევედით და ჩვენ (17კაცი) მდინარის პირას პოზიციებისკენ გაგვიშვეს, “ორბი” კი შეეცადა უკვე სიღრმეში შემოსული მტერი შეეკავებინა და უზრუნველყო ჩვენი უსაფრთხოება ზურგში გარღვევისგან.
იქაური მეგზურის მეშვეობით მივედით მდინარის პირამდე, სადაც ათიოდე ადგილობრივი მებრძოლი დაგვხვდა, იქვე მტრის გვამები ყრია მიმოფანტული, ერთი აშკარად აფხაზია, მაღალია, მხარბეჭიანი, გაშოტილი წევს ამაყად, თითქოს მომეჩვენა და ღიმილი აქვს შემხმარი, მეორე კი დაგვაჯული, მოკუნტული და დაჯღანული გდია, “ეს მე მოვკალი ლიმონკით, აქვე რაცია მაქვს პადვალში და იქიდან ამოვუგდე ლიმონკა, კაზაკია ამის დედას შევეცი”, მეუბნება ადგილობრივ მებრძოლთა ათეულის მეთაური.
“სანამ დროებითი სიწყნარეა, წამოდით პოზიციებს განახებთ და აგიხსნით ვითარებას” – გავყევით და მივადექით ზედ მდინარის პირს, სადღაც 3-5 მეტრია მდინარემდე, ხეტყის გადამამუშავებელი საწარმოა.
მარცხენა ფრთაზე ორი მიწურია, რომელიც მდინარის მთელ პერიმეტრს აკონტროლებს და სავარაუდო ტანკსაშიში მიმართულებაა, რადგან აქ მდინარე გაშლილია და არაა ღრმა. ერთ მიწურში დაზგის ტყვიამფრქვევიც დაგვხვდა მიტოვებული, მეორეში ყუმბარმტყორცნი, ჩვენც თითო მივუმატეთ და ათკაციანი მაგარი დაცვის ზღუდე შევკარით.
ერთ მიწურში მეთაურად “წიე” გავამწესე, მეორეში ყუმბარმტყორცნელი ნუგზარა, ამ ათიდან მხოლოდ ამ ორს აქვს საბრძოლო ნათლობა მიღებული.
დანარჩენი შვიდნი კი მარჯვენა ფლანგზე მორებითა და სილიანი ტომრებით გაკეთებულ “ძოტში” განვლაგდით და მდინარის იმ ვიწრო ყელს ჩავუჯექით საიდანაც მოხდა გამთენიას მტრის შემოსვლა და სავარაუდოდ ისევ იქედან შემოვა მეორე ტალღაც.
ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ აჩადარას სიღმეში უკვე კარგად გამაგრებულ მტრის დამრტყმელ ძალას (200-300 მებრძოლი) მიიღოს ზურგიდან დახმარება და არ მიეცეს სოხუმისკენ წინსვლა.
მდინარის პირის ამ პოზიციებს გადამწყვეტი როლი აკისრია, რადგან პირველი შტურმი კი შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს, რადგან ზურგის გარეშე დამრტყმელი ჯგუფი წინ ვერ წავა, თორემ მისი გამჩერებელი რომ არავინ იყო, ეს უკვე 19-ში მათი უკანდახევისას გამოჩნდა, რუსული არმიის საუკეთესო სპეცებით დაკომლექტებული ჯგუფია, აგნემიოტ “შმელებით” გაძლიერებული და ავღანეთგამოვლილი ვეტერანებით.
ქვეით-საწინააღმდეგო რეაქტიული აგნემიოტი “შმელი” (იდეა იმაშია რო რაკეტა მიფრინდება, აფეთქდება, ნაპალმს შეიცავს და ცეცხლს აჩენს)
მაგრამ ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით და არც გვაინტერესებს, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს, უკვე ნებაყოფლობით ალყაში ვართ და ჩვენი გადარჩენის საუკეთესო საშუალება ბოლომდე ბრძოლაა.
შებინდებამდე სრული სიმშვიდეა, საერთოდ არაფერი არ ხდება, მაგრამ უკვე მაქვს დაგროვილი იმდენი გამოცდილება და საბჭოთა ჯარში შეძენილი მცირეოდენი ცოდნიდან ვიცი, რომ სწორედ მოჩვენებითი სიმშვიდეა ყველაზე საშიში დრო. ფიგაროსავით ვარ, ხან ერთ მიწურში ვარ, ხან მეორეში, ვამხნევებ, ვაძლევ მითითებებს და თავი ისე მიჭირავს, თითქოს ეს რა ბრძოლაა? სტალინგრადსა და კურსკი დუგაზე ვარ ნაწრთობი ძალიან მძიმე ტვირთი ყოფილა სხვის სიცოცხლეზე და ამასთანვე შესასრულებელ უმნიშვნელოვანეს ამოცანაზე პასუხისმგებლობის აღება.
საღამოს მოწინააღმდეგემ ნაღმმტყორცნიდან გახსნა ცეცხლი, აშკარა იყო რომ კოორდინატებს ასწორებდნენ, მერე კი უკვე ვაი
ნუგზარა გრანატამიოტჩიკს ვუთხარი, რომ 50-იოდე მეტრით გასულიყო მარცხნივ და სხვადასხვა ადგილიდან გაეხსნა ცეცხლი, დანარჩენებს კი სრული სიყუჩე, მხოლოდ როცა აშკარად დაინახავთ მდინარეში შემოსულ მტერს, მერე გახსენით ცეცხლი თქო. ნუგზარა ჩვეული ოსტატობით სამ გასროლას აკეთებდა სხვადასხვა ადგილიდან, პოზიციის მოშორებით და ამით მტრის ნაღმტყორცნელები ცრუ კოორდინატებზე დასვა, ბოლოს კი ისე გამოიყვანა წყობილებიდან მტერი, რომ უკვე სწრაფი (ბეგლი) ცეცხლი გაგვიხსნეს და მგონი თავადვე აიფეთქეს თავი, ძალიან დიდი აფეთქება იყო გაღმა და დადუმდა კიდეც მათი ნაღმმტყორცნი.
ეხლა მარჯვენა ფრთის ძოტთან დავბრუნდი და აქ გაგვიხსნეს ცეცხლი, და როგორც შემდგომ გამოჩნდა უბრალოდ მოგვსინჯეს, ჩვენც მხოლოდ ვალის მოხდის მიზნით ერთი-ორი ვესროლეთ (აქა ვართ და ემანდ თავში არაფერი აგივარდეთ თქო) და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
შუაღამეს კი მოპირდაპირე ფერდობზე ავტომობილის სტოპის წამიერად ანთება დავაფიქსირეთ და გავხსენით ცეცხლი, უმალ დავუკავშირდი ჩვენს უკან მყოფ ათეულის მეთაურს და ვანახე ადგილი სადაც ეს დავაფიქსირეთ. მანდ მანქანას შეუძლია მოსვლა თქო? – კიო, მანდ გზა გადის და უეჭველი ახალი ძალები მოყავთო.
გავარდა უკან, გადასცა რაციაზე და უმალვე მოირბინა ჩვენთან “ბიჭებო, რაც შეიძლება ჩაწექით და დაიმალეთ, ეხლა ჩვენები დაბომბავენ მანდაურობას და ფრთხილად იყავითო” და ეს “მანდაურობა” ჩვენგან 50-100 მეტრია ანუ ფაქტიურად ჩვენ გვბომბავენ, რაზეც დიდი მადლობა გადავუხადე და თუ გადავრჩებით თბილისში გვესტუმრე თქო
მიმოვიხედე და სად უნდა დაიმალო? სად უნდა ჩაწვე? ერთი კუანა ძოტი გვაქვს და თუ პირდაპირ არ დაადეს კი გაუძლებს აფეთქების ტალღას, ისე კი სადაც გინდა დაიმალე სულ მორები და სამშენებლო მასალაა მიმდებარე ტერიტორიაზე, არანაირი აზრი არა აქვს გაფანტვას და დამალვას, მორი გაგჭყლიტავს თუ ასკოლკა მოგკლავს რა მნიშვნელობა აქვს? ისევ ძოტში ჩავეტიეთ შვიდივე და დაიწყო ჩვენმა სახელოვანმა არტილერიამ და რა დაიწყო…
ოთხ-ოთხი ჰაუბიცის ყუმბარა ერთ ზალპად ფეთქდება ჩვენს პირდაპირ, ზანზარი გააქვს მიწას, რის ჩაწოლა და დამალვა? ასეთ ფეიერვერკს კიდევ როდის ვნახავ ცხოვრებაში? თან ჭახვან-ბრახვანის ხმაა ისეთი რომ სისხლი აგიდუღდება და თან მიწაც დეტონირებს, მოკლედ ძიგ-ძიგ დისკოტეკაა ფანტასტიკური, დიჯეი კი თვით იუპიტერია
დამთავრდა დაბომბვა და ეგრევე მოირბინა ჩვენმა მასპინძელმა, მოგვილოცა და გვახარა რომ მტრის მეორე ეშელონი ფაქტიურად განადგურებულია. შედეგად ამ დარტყმით ფაქტიურად ჩაიფუშა სოხუმის აღების მცდელობა, მაგრამ ეს ჯერ არავინ ვიცით, ზურგში მტერი გვყავს და იქით კიდევ რამდენი სიურპრიზია ვინ გვეტყვის?
მოკლედ იმ ღამემ მშვენიერ განწყობაში ჩაიარა იყო ბლომად ყანწები და ანტისტრესანტის ღრმა ნაფაზები (პროტივოგაზის პატარა ჩანთა გამოჯეჯგილი მაქვს ჯადოსნური ბალახით).
17 მარტის დილა, მიუხედავად იმისა რომ სუპერადრენალინური ღამე გადავიტანეთ, მაინც ჩვეულებრივად გათენდა, სრული სიწყნარეა. მდინარე გუმისთა ისევ ადიდებული მოჩუხჩუხებს, მერე ფართოვდება და ნელ-ნელა წყნარდება. არავის თვალი არ მოუხუჭავს, მაგრამ დილაა და ახალი ენერგია შეგვმატა აფხაზეთის მზემ.
მე და ცარიელა ვესტუმრეთ მარცხენა ფრთას, ბიჭები ყოჩაღად არიან, უკვე იყნოსეს “პოროხის” სუნი და მგონი მოეწონათ კიდეც ისე უბრწყინავთ თვალები. განაპირა მიწურში “წიე” და მისი ამალაა, დაბომბვისას ერთხელაც არ წასცდენია თითი გასასროლად, სიტყვასიტყვით ასრულებს დავალებას, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გახსნას ცეცხლი, ბრავო “წიე”.
ცოტა აქეთა მიწურში კი ოთხი ავლაბრელი, ბავშვობის მეგობრები არიან, თავიდანვე სუსტ რგოლად ჩავთვალე, რადგან მითხრეს რომ ჩვენ ერთად გვინდა ყოფნა და ნებისმიერი დავალებას ერთად შევასრულებთო, ხოდა ერთად ჩავუძახე ოთხივე ყველაზე ღრმა მიწურში, მეთაურად კი გრანატამიოტჩიკი ნუგზარა დავუნიშნე.
ათივე კმაყოფილია გუშინდელი დისკოტეკით და პატარა “აღმზრდელობითი” სამუშაოც ჩავუტარე:”ხომ ხედავთ რა კარგია დისციპლინა და ღრმა სანგრები? ეხლა ისეთი სიტუაციაა, რომ ამაზე კარგი ადგილი მთელს აფხაზეთში არ მოიძებნება, იჯექი შენთვის დაცულად და ხოცე რამდენიც გინდა. არაფრის დიდებით მიწურები არ მიატოვოთ, სულ რომ სოხუმში შეიჭრან აქ მაინც ყველაზე დაცულები ხართ, თუ რამეა და ბოლოს მთაში ავალთ, სვანებისკენ, უკან დახევა და მით უფრო გაქცევა გაცილებით სარისკოა” მეთქი – ჭკვიანური გამომეტყველებით დამეთანხმნენ ყველანი.უბედნიერესი ვარ ჩემის სტრატეგიული გამჭრიახობით, ლამის ჩემს თავს ვაკოცო
დავუბრუნდით მარჯვენა ფლანგს, ყველაზე საშიშს და ნაკლებად დაცულს, მაგრამ ფათერაკიანს და მიმზიდველს. დაახლოებით 4 კვადრატია მთელი ძოტი, ბლოკის კედელი, მორები და ქვიშის ტომრები სახელდახელოდ გაკეთებულია მაგრამ ტყვიას უძლებს. მის გარეთ კი მხოლოდ ბლოკის კედელია და ტყვია ისე შედი-გადის როგორც მოესურვება.
მეორე დღეა და პირველად მოგვშივდა, ტუშონკა გავხსენით, ოდნავ შევათბეთ მინიკოცონზე და ისაა ცარიელამ პირველი ლუკმა უნდა ჩაიდოს, რომ ტყვიამ ლუკმასა და გაღებულ პირს შორის ჩაუარა, მეორემ თავზე გადაუარა, მესამე კი კედელში ჩაიჭედა (დარტყმით ვიგრძენი). ეგეთი რამე მხოლოდ კინოში ვნახე მოგვიანებით, ნეო რომ მატრიცაში ტყვიებს შორის ბზრიალებს ისე აფართხალდა ცარიელა, მოდი და ნუ აფართხალდები?
ბლოკის კედლის გასვლისას ცემენტის მტვრის ზოლი წამოიყოლა ორივე ტყვიამ. აშკარად სნაიპერია, თანაც ცხოვრებისაგან გაბოროტებული თორემ სამ ტყვიას არ გვესროდა, კვამლი გაძვრა კედელსა და ჭერს შორის და მასე დაგვაფიქსირა, ლუკმა არ შეგვარგო მაგ ჩარუმჩათლახმა. ისევ მასპინძლებს გავახსენდით (რაცია არ გვაქვს) უცბადვე მოირბინა, ტყვიის ზოლის მიხედვით სავარაუდო ადგილი მივუთითე და ეხლავე მივხედავთო. მხოლოდ ერთი ყუბმარა გლიჯა ჰაუბიცამ ზუსტად იმ ადგილს და ბრდღვნა ადინა. აბა რა ეგონა? ჭამას ძაღლსაც აცლიან
კარგი გამოთოფილი ჰქონიათ ჩვენ არტილერისტებს იქაურობა, რომ ესე მარტივად იცოდნენ სად, რომელ კვადრატში უნდა ჩაესვათ, თორემ მე კვადრატი მარტო გეომეტრიაში ვიცი, რუკებს კი საერთოდ არ ვხმარობდი. ბრავო მოკლედ არტილერისტებს.
პერიოდულად დამთრგუნავ ცეცხლს გვიხსნიან გაღმიდან, ჩვენც ვპასუხობთ. ამას ძალების მოსინჯვა ქვია, აშკარაა რომ ჩვენი პატარა შენაერთი მტრის ხახაშია გაჩხერილი და სანამ ჩვენ იქ ვდგევართ, აჩადარის სიღრმეში “მშვიდად” მყოფი რუსი შტურმავიკების ჯგუფი მოწყვეტილია აქტიურ მოქმედებას, მაგრამ იმდენად ძლიერი დაჯგუფებაა, რომ ჩვენებიც ახლოს ვერავინ ეკარება. მეტიც – მათი შიშით ჩვენთანაც ვერავინ მოდის დასახმარებლად, ფაქტიურად მოწყვეტილი ვართ და ჩვენი პოზიციების ვიწრო შემოსასვლელს ერთადერთი ადგილობრივების ათეული იცავს, მათთან გვაქვს კომუნიკაცია და მათი მეთაური არასდროს დამზარებია გამომყოლოდა (ადგილობრივია და ყველა ბუჩქი იცის) სიცოცხლის რისკის ფასად (ნებისმიერ ადგილას შესაძლოა გადავაწყდეთ მტერს, რომელიც სიღრმეშია შემოსული და სულაც არ გვცემს პატივს) ბატალიონის შტაბამდე და უკან, სადაც ტყვია-წამალის და ორი ბუხანკა პურისათვის მიწევს ყოველდღე ასვლა.
ერთ-ერთი ასეთი გასეირნებისას (მე მივდიოდი, სხვას ვერ დავავალებდი) მე შიში ვჭამეე… არ მკითხოთ, ეხლავე მოგიყვებით მეთვითონ.
შტაბიდან უკან ვბურნდებით და იქვე ერთ-ერთ ბაღში ჯარისკაცები შევნიშნე და მეგზურს გავხედე – “ჩვენებია, დღეს მოიყვანეს და აზრზე არ არიან არაფრის” (არ შეიძლება ესე ღიად ჩანდე საბრძოლო სიტუაციაში) მივუახლოვდით ძალიან მშვიდად და ტიპმა თვალები დამიქაჩა, ავტომატი მომიშვირა და განწირულმა მიყვირა “პაროლიო?!”
პაროლი კი არა, სახელი და გვარი დამავიწყდა, თან სროლის წკიპზეა, არადა შემიძლია დავასწრო, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ის ჩემია და როგორ ვესროლო? მის თვალებში კი მხოლოდ შიშს ვხედავ, გავთავდი კაცი, აი ჩაჯმა მაშინ იყო თუ იყოო და შიშისგან ისეთი ვუღრიალე – “შეეე ყლეოოო” – რომ ყველა პაროლზე მეტად გაჭრა და უკვე ცოტა დავურბილე “აფხაზი რომ ვიყო, ეხლა შენ ცოცხალი იქნებოდი”??? – ეს ყველაფერი სულ ერთ წამში მოხდა. გადავხედე ჩემს მეგზურს და ვკითხე, ამათ პატრონი არ ყავთ? ვინ ასწავლა ესე ბირჟაზე დგომით პაროლის მოთხოვნა? აფხაზი ამას პაროლს ეტყვის? ხო ეგრევე დაადუღებს?
დავრწმუნდი რომ ამ სიტუაციაში პაროლს არანაირი აზრი არ ქონდა, ის დღე იყო და ავკრძალე ყველანაირი პაროლი, სულ რომ დაგვხოცონ არ დაგინახოთ ღამით ჩემს პოზიციებზე ვინმე მოსული, დღე პაჟალუსტა
ღამემაც ვერ ვიტყვი რომ ძალიან დაძაბულად, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, საღამოს ერთი ბიჭი დაგვემატა თბილისიდან, გაიგო რა სოხუმზე შტურმი დაიწყოო უბნელ ძმაკაცებს ჩამოაკითხა ხილიანელები იყვნენ გუჯა და ნუგზარა.
აი ესე ვბრძოლობდით ქუჩის ბიჭები და დედიკოს ბიჭები საყაჩაღოდ წასულებს გვეძახდნენ, თუმცა არც თუ უსაფუძვლოდ, მასეთი ნაგვებიც იყვნენ.
გაგრძელება ხვალ, ხვალ მძიმე, ყველაზე მძიმე დღე დაგვიდგება.
გაგიკვირდებათ და 18 მარტიც ძალიან ჩვეულებრივად გათენდა, იგივე ადგილას ვართ (ერთადერთი თავდაცვის ზღუდე მდინარის პირას) და იგივე შემადგენლობით. ჯერ სერიოზული შეტაკება ან ახლო კონტაქტი მტერთან არ გვქონია.
ფაქტია რომ სრულ ალყაში მყოფი საკმაოდ ძლიერი რუსების დაჯგუფება თავს არხეინად გრძნობს (მწვანე სახლს ეძახდნენ ადგილობრივები იმ ადგილს სადაც იყვნენ გამაგრებული შუა აჩადარაში), მაგრამ უკვე მესამე დღეა და უკვე გული გრძნობს რაღაც შეიცვლება.
კიდევ ერთხელ ჩამოუარე მარცხენა ფლანგის მებრძოლებს და გავამხნევე, კიდევ ერთხელ დავაპნიე ჩემი სტრატექიული ხედვები” ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოთ, ვისაც დაინახავთ ეგრევე ესროლეთ, პაროლი არა ყვავი, აქ ჩვენიანს რა უნდა? ხომ ხედავთ პურზეც კი მეთვითონ ავდივარ, არავინ ახლოს არ გვეკარება თქო”
მეტყვიამფრქვევე წიეს კი განსაკუთრებული ყურადღება ვთხოვე “დღეს უეჭველი რაღაც მოხდება და აბა შენ იცი, მომცელავი, 10-15 ტყვიანი ჯერი არ მოაკლო მაგნებს” (მე უფრო გაღმიდან ველოდები შემოტევას ვიდრე ზურგიდან, სოხუმი რომ უკვე გადარჩენილია ჯერ არ ვიცი, არ გვეუბნებიან) კაიო, დამიქნია თავი. დავბერდი კაცი და ასეთი სასწაული მეგრელი ჯერ არ მინახავს, ორი გადაბმული სიტყვა არ მახსოვს წიესგან
დავუბრუნდი მარჯვენა ფლანგს და აქაც მოვათვალიერე კიდევ ერთხელ ყველაფერი, თავად ძოტი კარგი დაცულია, სამი სათოფური აქვს და თუ იმენნო სათოფურში არ შემოაგდეს ტყვია, ისე არაფერი გვიჭირს, მყარად არის დაცული, დაჟე 2-3 ყუმბარმტყორცნის კომულატიურს კი გაუძლებს და მეოთხეს ვინ ასროლინებს? ჩვენ კაკალს კი არ ვბერტყავთ?
პირდაპირ მდინარიდან შეუმჩნევლად მოახლოება შეუძლებელია, ჩვენთან ცოტა ვიწროა ყელი და შესაბამისად ადიდებულად და ჩუხჩუხით მოედინება გუმისთა, ერთი ზურგიდან შეიძლება მოგვიარონ, მაგრამ იქაც შემოსასვლელს ადგილობრივების ათეული იცავს.
შებნელდა, სრული სიჩუმეა, და მარცხენა ფლანგზე ტყვიამფრქვევის მოკლე ჯერი მომესმა, ჩავთვალე რომ გაუვარდათ, რადგან გრძელი და მომცელავი ჯერი მაქვს ანდერძად დატოვილი წიეზე.
დავწერდი, “ნაბრძანები” მეთქი, მაგრამ არ ჯდება ეგ სიტყვა რეალობაში და შემაჭამეთ თუ გინდათ ერთი კალათა მაკიანი ბულკები ცოტა ხანში იქიდან მოგუდული ხმა მესმის “ხიზან” მოდი აქ. მივედი და რას ვხედავ, წიეს მიწურთან, სადღაც 3-4 მეტრში გაშოტილი წევს ვინცხა. “ვიღაცეების ფეხები დავინახე მიწურიდან, წიეს ვუთხარი და იმანაც ეგრევე დაუშვა” მეუბნება წიეს თანაშემწე მეტყვიამრფქვევულ საკითხებში
ყოჩაღ წიე, ეგრე უნდა, აბა ხომ ვერ შეეკითხებოდი, როგორ მოხვდით ბატონებო აქ? გზა ხომ არ აგებნათ? – ესე გააგრძელეთ – დავუბარე და დავბრუნდი ისევ ჩემს ალაგას.
მხოლოდ მეორე დღეს გავარკვიეთ, რომ დივერსიული ჯგუფი იყო, როგორც ჩანს ჩვენი, მარჯვენა ფლანგის, ძოტის გასანადგურებლად მდინარის ნაპირს ამოუყვნენ, მაგრამ წიეს მიწურსაც ვერ გასცდნენ, რადგან არ იყო “დამწვარი” მისი პოზიცია. საბუთები ვუნახეთ, მაიორ მეწელევ, კამანდირ როტი როსსია. დანარჩენები ეტყობა მდინარეში ჩაცვივდნენ და წაიღო დინებამ.
სადღაც შუაღამისკენ, 18-დან 19-ზე ღამით, გამაყრუებელი ხმა გაისმა ბადრი მთვარით განათებულ მოწმენდილ ცაში, ძალიან დაბალზე გადაგვიფრინა რუსების სუ-27 მა (კუდში ორ ფრთაზე ვიცანი ეგ ჩათლახი) და რამოდენიმე მანათობელი გრილიანდა (პარაშუტზე მობმული დიდი მანათობელი “ლუსტრა”) გადმოყარა ზედ ჩემს ძოტთან.
სუ-27
დღესავით გაანათა მდინარე გუმისთის ორივე სანაპირო
“გირლიანდები” და მათი განათების შედეგი
აშკარაა რომ “რაზვაროტზე” დაგვიშენს, პირდაპირ ვერ დაგვიშენდა, მოპირდაპირედ მთაა და ეგრევე ხეობა, აი რომ მოტრიალდება სოხუმიდან კი უკვე ხელის გულზე ვყევართ და თან განათებულ-მონიშნული.
ისევ წამიერად ავამუშავე “კომპიუტერი” და როგორც ჩვენების საარტილერიო დაბომბვისას, ეხლაც გადავწყვიტე გაფანტვას აზრი არა აქვს, ისევ ჯობია ყველანი ძოტს შევეფაროთ, თან ადრინდელი გამოცდილებიდან მახსოვს, რომ მანდამაინც დიდი სიზუსტით არ გამოირჩევიან რუსული თვითმფრინავები – აძიუბჟასთან მთელი სატანკო კოლონა დაგვიბომბეს და ერთსაც ვერ გაარტყეს
მოტრიალდა და მალევე ფრთებს ქვევით ცეცხლები გაყარა, ვიფიქრე სხვა ობიექტებს დაუშვა რაკეტები და ჩვენ არაფრად ჩაგვთვალა მაგ კაზიოლმა თქო. მხოლოდ კაი ხნის მერე ვიგებ რომ ეგ სუ-27 ჩვენმა მეზენიტემ ჩამოაგდო “სტრელათი” და ჩვენ რომ გაშვებული რაკეტების ცეცხლი გვეგონა ღამის ცაზე, მაგაზე დინგში მოდებული “სტრელა” იყო.
მხრით გადასატანი ჰაერ-საწინააღმდეგო კომპლექსი “სტრელა”
მტრის ჰაერიდან თადასხმის მოლოდინში უკვე 15-იოდე წუთი გავიდა და ეხლა მიწაზე ატყდა ბაგა-ბუგი ჩვენს ზურგში. სროლა აშკარად ცალმხრივია, როგორც ჩანს აჩადარის სიღრმეში მყოფმა რუსების დაჯგუფებამ გამოიღვიძა და აბობოქრდა, მიმიქარავს სიმფონიური ორკესტრი, ისე დახვეწილად და შეხმატკბილებულად ისვრიან ავტომატები, ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები, მტრისაც რომ მოგეწონება და შეაქებ ისე.
რამოდენიმე სახლი ჩვენს უკან ცეცხლის ალში გაეხვა და სროლა ჩვენსკენ, ანუ გუმისთისკენ მოიწევს. ამავდროულად გაღმიდანაც დაგვცხეს მთელი სიბოროტით, ზანზარი გააქვს ძოტს, მის გარშემო კი ბლოკის კედლებში გამოსული ტყვიებისგან ცემენტის ბუღი დგას.
აქ უკვე ორი ვარიანტია, ან დამატებითი ძალები შემოდიან, ანკი როგორც ჩანს ალყაში მყოფი შენაერთი რუსებისათვის ძალიან ღირებულია და ჩვენც ბუასილივით გავეჩხირეთ პროჭში, რომ ჯერ დივერსანტები გამოუშვეს ჩვენს გასანადგურებლად ზურგიდან, მერე კი სუ-27 აწიეს ჰაერში და ეხლა უკვე გაღმიდანაც მაქსიმალურად ეხმარებიან, რომ როგორმე გაიყვანონ სამშვიდობოს.
გაღმიდან დაგვიშვეს და რა დაგვიშვეს
თავად ძოტი კი დგას მყარად, მაგრამ უკვე “კრუგავოი” გვიჭირავს და სამნი ძოტის უკან მორების შტაბელზე ვართ გამოჭიმული, აქ შედარებით დაუცველნი ვართ, მაგრამ განა ეხლა მაგაზე დგას საქმე?
უკვე მტერს უკნიდანაც ველოდებით, ცეცხლის ხმა ძალიან მოგვიახლოვდა, შესაბამისად ვიღაცამ ზურგიც უნდა დაიცვას. ერთი წუთიც არ გასულა რომ მარცხენა ხელის მტევანზე ვირთხის კბენასავით სიმწარე ვიგრძენი და ხელისგული თბილი სითხით ამევსო (ტყავის გადაჭრილი ხელთათმანი მაცვია და ხელის გულში დაგროვდა)
“მგონი დამჭრეს ამ ბოზებმა”
ჩამოვედი შტაბელიდან ძოტისკენ, ბიჭებიც ჩამოვიდნენ და ზაჟიგალკით მომინათეს ხელზე, ყველა თითი ადგილზეა და ნახვრეტიც არაა, ზნაჩიტ დარეკაშეტებული, ძალა დაკარგული ტყვიაა და ვერ გაიტანა, ალბათ იმიტომაც მემწარა ტკივილი, თორემ როცა გააქვს შეიძლება ვერც კი გაიგო ისეა ადრენალინი მომატებული.
მორებს სიბნელეშიც ეტყობა ტყვიებისგან ატკეცილი კანი და მართლაც მაგრად გაგვიმათლა, რომ ამ უმნიშვნელო ჭრილობით გადაგვატარა.
ერთი რაც მოვიფიქრე, გადავჯგუფდით, AKM-ბი ვისაც ჰქონდა მოვაცილე სათოფურებს რათა საცეცხლე წერტილები არ დაგვეწვა და მხოლოდ AK-74 ვისროლოთ თქო, რომელსაც ლულაზე ცეცხლგამფანტავი აქვს და გაცილებით უკეთესია ყველა პარამეტრით, ტყვიების მარაგიც მათი უფრო მეტი გვაქვს.
AK-47-ს (ანუ AKM-ს სტანდარტულად არ მოყვება ცეცხლ-გამფანტავი რის გამოც ღამე სროლისას ცეცხლის “ბურთად” ჩანს ყოველი გასროლა მსროლელის წინ, AK-74-ებს კი “ზავაცკოი” მოყვება ცეცხლ გამფანტავი რის გამოც ღამე სროლისას ბევრად ვიწრო და ნაკლებად გამოცნობადი პატარა ცეცხლის “ვარსკვლავი” აქ წინ. ასევე განსხვავდება მათი ტყვიის კალიბრი, და ტყვიის საწყისი სიჩქარე /აეროდინამიკა, რის გამოც AK-74-ის ტყვია ბევრად უფრო “სწორხაზოვნად” მიფრინავს, მაშინ როცა AK-47-ის ტყვია უნდა უფრო “ნავესით” ისროლო იმავე მანძილზე)
სამი მსროლელი სამივე სათოფურში და ორი დამტენავი ეხმარება ძოტში, ძოტის გვერდით კი მე ვდგევარ (შედარებით დაუცველია, მაგრამ რაღა დროს დაცვაა? პენალს გვირტყავს ხიდიატულინი თანაც არეალის დიდი აბზორი აქვს ჩემ წერტილს) ერთი დამხმარეთი, რომელიც ელვის სისწრაფით ტენის რაჟოკებს
ერთიც ხელის ტყვიამფრქვევით ზურგში ჩავმალე (ეშმაკს არ სძინავს) და დავუბარე “თუ ზურგში შემოაღწიეს, გაფანტვა არ აცალო, ვიწროშივე დაუშვი თქო”.
ამ გადაჯგუფებაში 3-4 წუთი გავიდა, გაყუჩულები ვართ ძუძუს გოჭებივით.
ჯერ კიდევ ჯარიდან მახსოვს (მაგარი იდეინი მეთაური მყავდა) რომ შენაერთი ერთიანად არ მოძრაობს, პირველი “დაზორი” ანუ შედარებით პატარა ჯგუფი უტევს და იმის მიხედვით თუ რა წინააღმდეგობა შეხვდება, მერე გადაჯგუფდება და ერთვება მთელი დანარჩენი შენაერთი.
ხოდა ჯეჯელავას დედა რომ ვატირე, ხერხი ჯობია ღონესა თუ ნაცარქექია მოიგონებსაო და ვიხმარე ჭკუა გავატარე მდინარეზე მტრის პატარა ჯგუფი. უმალვე უკვე მთელმა შემადგენლობამ ხორომ შეაბოტა ვიწრო ყელიან ცივ მდინარეში, ეს მდინარის დგაფუნითაც იგრძნობა და მებრძოლების საკმაოდ ხმაურიანი გადაძახილებით. ჩათვალეს რომ დაგვადუმეს და არიან არხეინად. საკმაოდ მოდუნდა და მოეშვა ალყიდან თითქმის სამშვიდობოს გასული მტრის შენაერთი და სწორედ მაგ დროს – “აბა დავცხოთ ბიჭებო, დამბაჩები აქვთ მაგნებს, დამბაჩები” – ვიყვირე და ოთხი ავტომატიდან ერთდროულად გავხსენით უწყვეტი ცეცხლი, რაჟოკების გამოცვლა და ისევ, და ისევ, ალბათ ათასამდე ტყვია გავუშვით სულ რაღაც ერთ წუთში.
ეხლაც ყურში ჩამესმის (50-70 მეტრშია ბრძოლა) სასიკვდილოთ განწირული, უკვე ადამიანების (და არა მეომრების) სხვადსხვა ხმოვანების ბღავილი, აქაიქ რაღაც ბრძანებისმაგვარი გადაძახილებიც (რუსი მაინც ძაან დედამოტყნულია, სისხლში აქვთ გამჯდარ ხელჩართული ბრძოლა, არ იბნევიან) და ორგანიზებულმა წინააღმდეგობამაც არ დააყოვნა გაათმაგებული ცეცხლი გაგვიხსნეს, როგორც გაღმით წინასწარ მოყვანილმა, ასევე სამშვიდობის გაღწეულმა მეომრებმა.
ჩვენც უკვე ერთიანად აღარ ვისვრით, მაგრამ უწყვეტად, “3-5 ტყვიიანი მოკლე ჯერი, ერთმანეთის მიყოლებით” უკვე ვყვირივარ და სრულად შევედი ნაღდი ჩაპაევის როლში
სრული დომხალია, ვინ ვის. აქ მესამე (ნიჩია) არ არსებობს. ისეთ აზარტში ვართ რომ ხილიანელმა ნუგზარამ ხმამაღლა, განწირული მაგრამ ხალისიანი ხმით წაიმღერა “ყვარყვარე შენ შეგვიწყალე” ♫♫ და უმალ ავყევით კონსერვატორიის გუნდივით (ბოლოს მაგ ფილმს ვუყურეთ და ჩაგვრჩა ეტყობა
).
სრული სიგიჟე ალბათ კიდევ კაი ხანი გაგრძელდებოდა “შმელის” ყუმბარას რომ არ გამოვეფხიზლებინეთ
ყუმბარა თავს ზემოთ, კედლისა და ჭერის გადაკვეთაში მოხვდა, ყველაფერი წითელი ციცინათელებით აივსო, მგონია დამბრიდეს და სამოთხეში ვარ, მაგრამ მალე დაიწყო ჩაქრობა და დავბრუნდი ცოდვილ მიწაზე, “ცოცხალი ვარ”, ვთქვი გულში და წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ბოდიში, ვერ ვინძრევი, ხელი მივისვ-მოვისვი და მშრალი ვარ, არც აშკარად გამოკვეთილი ნახვრეტები არ შეიმჩნევა მაგრამ ვერ ვდგები, დავიტანჯე კაცი, ოფლმა დამასხა.
სწორედ ამ დროს დამიბრუნდა სმენა, “ცოცხალია, დროზე მივეხმაროთ” მესმის ბიჭების ხმა, თურმე რაც კოჭი, სტრაფილი და ფიცრებია, სულ თავზე მაყრია და რას წამოვდგებოდი?
მოკლედ მინი კანტუზიამ მშვიდობიანად ჩაიარა (უკვე მეორედ, ადრე ბეემპეში ვარ ანაფეთქები) და ისევ დავუბრუნდი კაპიტანის მოსტიკს.
“ცეცხლი არ შევწყვიტოთ ბიჭებო, თორემ თუ გაგვისწორეს პრიცელი, მერე გამოგვწვავენ მადლიერების ინდაურებივით” და ისევ გავაგრძელეთ მოკლე, მაგრამ უწყვეტი ცეცხლი.
მტრის გადარჩენილი შენაერთიც უკვე აღარ გვიშენს გამწარებული, ტყვიაწამლის მარაგი მათაც წკიპზე აქვთ და თან ჩვენი არტილერიის ეშინიათ, თუმცა არტილერიამ იმ ღამით არ მოგვეხმარა.
(რატომ? მარჩიელობას ვერ დავიწყებ, თუმცა ედიკას რომ რუსების შიში ქონდა ეს ფაქტია და არ გამიკვირდება თუ მასთან და მის უშუალო გენარალსიმუსებთან რუსების გატარება შეთანხმებულია, წინა დღეს მიბრძანეს კიდეც გადაადგილება, მაგრამ ნახუი რომ არის, იმის იქით გავუშვი)
გათენებამდე გრძელდებოდა სროლები და ინათა თუ არა სროლებიც შეწყდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. გაგრძელება დილით.
ინათა და სროლებიც შეწყდა, ძოტის უკან, ჩემს საცერივით დახვრეტილ კედელთან ვარ ჩაკუნცხული, გამარჯვების, გადარჩენის და სიამაყის ტკბობის მორევში ვლივლივებ ნეტარებით…
“ბიჭო ვიღაც ფაფხურობს ჩემს წინ, მაგრამ ვერ ვხედავ”
წამოიძახა გუჯამ ძოტიდან, რომლის ვიწრო სათოფურიდან წინ სივრცე კი, მაგრამ იქვე 2-3 მეტრში ცუდად ჩანდა. ჩემგან კი მეტი აბზორია.
“ეხლავე ბრატ” გავძახე, და ლიმონკა (F-1) გადავუგდე მომხდურს, სავარაუდოდ მდინარეში დაჭრილი აფხაზი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ჩვენს ნაპირზე მოახერხა გამოსვლა. აფეთქებიდან ერთ წუთში ისევ ისმის ფაფხურის ხმა (ჟივუჩია ეს ვერანა) კიდევ გადავუგდე ლიმონკა და შეწყდა ფაფხური.
დავუბრუნდი ჩემი ტკბობის მორევში ლივლივს და ეხლა ცარიელამ არ მამასვენა, უკაკუნებს მოკლე ჯერებით, “რა იყო ბიჭო, ვინმეს კიდევ ხედავ მოსაკლავს”?
ხმა არ გამცა კიდევ ესროლა და მოდიო დამიძახა, გავიხედე მისი სათოფურიდან და ჩვენს ნაპირზე ერთია დარჩენილი, ცდილობს მდინარეში შესვლას, ორი-სამი ნაბიჯი და ეგრევე დიდ ქვებს ეფარება, აშკარად პანიკამ აიტანა, თორემ წამოწექი ვირო, ვითომ მკვდარი ხარ, ვინაა დღისით მდინარის პირას მიმსვლელი? ღამის სიბნელეში კი უკვე გადაიპარება არხეინად.
“მიმიშვი ბრატ, ეხლა განახებ კლასს” ამოვიღე მიზანში და გავიტრუნე, არ ვესვრი.
ისიც გათამამდა და შეაბოტა მდინარეში, წყალი მანდ ცოტა ჩქარია და მოდიდებულიც, შუაგულში რომ შევიდა და წყალიც მკერდამდე მიწვდა, ეე მაშინ ვდრუზე ორ ტყვიანი ჯერი, წყლის შხეფებით მივხვდი, რომ ცოტა წინ მომიწია, ზუსტად იმავე წამს მეც მგლიჯეს გაღმა ნაპირიდან შიგ სათოფურში, მაგრამ კუთხით ნასროლი იყო და მარჯვენა კუთხეს მოხვდა. ეგრევე შევიტანე შესწორება დამიზნებისას და ვგლიჯე მეორე ჯერი, ხელები მაღლა ააფართხალა და უმალვე ჩაიძირა, თითქოს იმ წამს სიღრმიდან ნიანგმა დაითრიაო.
მოვუტრიალდი ბიჭებს და ჩავიბარე დამსახურებული ოვაციები, მთელი ღამით ბრძოლების მერე, დღის სინათლეზე რომ საკუთარი თვალით ნახავ ჩაძაღლებულ მტერს, სულ სხვა ეშხი აქვს.
“რა ჩათლახი ხარ, ეგ მე როგორ ვერ მოვიფიქრე, ჯერ შემეშვა და მერე დამეშვა” მეუბნება ღიმილით ცარიელა
“მორჩა ბიჭებო, დაისვენეთ” და ისაა უნდა ჩავჯდე ჩვეულ პოზაში, რომ ისევ კაკანი, ეხლა უკვე გუჯა ისვრის.
მივედი და რას ვხედავ, ჩვენგან 5-7 მეტრში ერთი დაჭრილი მიფოფხავს ძლივსძლივობით, უფრო სწორედ ხელებით ცდილობს გათიშული ტანი წაათრიოს, ეტყობა ის ჯარისკაცია ორი ლიმონკა რომ ვესროლე, რა ჟივუჩია ეს ვერანა თქო, აღარ ვასროლინე, აშკარაა სიცოცხლის ბოლო წამები აქვს. მართლაც, ნახევარი მეტრიც ვერ გახოხდა და გაქვავდა, მოკვდა.
მოგვაკითხა მასპინძელთა მეთაურმა.
მოკლედ ავუხსენი ვითარება და მათიც მოვიკითხე, ერთი მებრძოლი მოუკლეს გუშინ ღამით და ერთიც მძიმედაა დაჭრილი. ამათ დაუნახიათ ორი მებრძოლი და პაროლიო, ჰკითხეს… პაროლს ეტყოდნენ? – იმათმა ეგრევე ჯერი მოუშვეს და ზევიდან “მუხაც” მოაყოლეს, ხოდა 1 დაიღუპა, 1 დაიჭრა…
“ამოვალ ცოტა ხანში, გინახულებთ თქო” ვუთხარი მოღუშულმა, “გადავცემ ჩვენების ნაღმტყორცნელებს და დაამუშავებენ თქვენს წინ” დამიტოვა სიტყვა და წავიდა.
მართლაც 5 წუთში რამოდენიმე ნაღმი ჩაუგდეს იქითა ნაპირზე ჯერ კიდევ შემორჩენილებს და ამით დამთავრდა დილა.
მარცხენა ფლანგიდან მიძახიან, ერთი დაგვეჭრაო, არადა აღარაფერი აღარ ხდება, მივირბინე და ფეხშია ერთი დაჭრილი, შარვალი სულ გამომწვარი აქვს, აშკარაა რომ სამასტრელია. ეტყობა მოსალოდნელ კონტრშეტევაში მონაწილეობა დაეზარა და თავი მწყობრიდანაც გამოიყვანა, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ არავის ვაგრძნობინე, თავისი გასჭირვებია ამ ქვეშაჯვიას და მე რაღა დავუმატო?
ავედი უკან ადგილობრივებთან, იმათი დაჭრილიც მოვინახულე. არავინ არ გვაკითხავს და ხელით წარმოუდგენელია მისი გაყვანა.
მტრის ნარჩენი ვინ სადაა ჩარჩენილი ჯერ კაცმა არ იცის, წმენდა არ ჩატარებულა, უკვე მაგარი გაბრაზებული ვარ შტაბზე.
მე და ხილიანელი ნუგზარა წავედით შტაბისკენ რომ მანქანა ჩამოვაყვანინოთ და თან დავუცაცხანოთ.
შევდივართ მეთაურთან და ზის ტიპი ჟურნალისტი ქალბატონის პირისპირ და ყვება გმირული ბრძოლის დეტალებს, ამ ქალბატონმა ეტყობა შენიშნა ჩვენი გაბრაზებული თვალები და შეცბა, მის შემცბარ თვალებზე მიხვდა ეს პატივცემული გენერალსიმუსი რომ მის ზურგს უკან ვიღაცაა, მომიტრიალდა და: “ვინ ხართ”?! – “ვინ ვართ კი არა, ეხლა მანქანა მომეცი, რომ დაჭრილები ამოვიყვანო პოზიციებიდან და დროზე შეცვლა გაამზადე, სამი დღე-ღამეა ვიბრძვით, მივდივართ ჩვენ აქედან” კბილებში გამცრა მოზომილად
“რაა? ჩვენ რა არ ვიბრძვით?” უკვე დარბილებული ტონით მიპასუხა
არაფერი აღარ ვუთხარი, იმ ქალბატონს უმადლოდეს.
ბერდეემს მოვაჯექით და ჩავედით პოზიციამდე, დაჭრილები შევსვით შიგნით და გავუშვით სამშვიდობოს.
მსუბუქად შეჯავშნული საბრძოლო მანქანა BRDM
შუადღისათვის დათო თევზაძე სამი მებრძოლით მოვიდა ჩვენს მოსანახულებლად
მხოლოდ “აზოტა” ვიცანი, “გორდას” მეთაური.
(გორდაზე ცალკე სტატია დევს ამ ბლოგზე აქ: “ისტორია აფხაზეთზე”– რედაქტორის კომენტარი)
დაათვალიერეს ბრძოლის ველი ვიწრო სათოფურიდან, აქეთ-იქეთ ნაპირზე რვა გვამი დავითვალეთ, თუ გავითვალისწინებთ რომ მდინარის სიგანე ორივე ნაპირზე სამჯერ მეტია და ძირითადი ცეცხლი მდინარისკენ იყო მიმართული, სამი მაგდენიც მდინარეში უნდა ჩაგვეხოცა, ერთ მოკლულზე რომ 2-3 დაჭრილი მოდის და სწრაფ, ცივ მდინარეში კი ეგენიც ფაქტიურად მკვდრები არიან კი ავიდა დახოცილების რიცხვი 50-70 მდე, მაგრამ ესეც მხოლოდ სათოფურიდან აღქმული რეალობაა
მოგვიანებით აქეთა ნაპირზე, სასაფლაოს ქვების “ცეხში” ერთი მაგდენი ყრია კიდო
დღეს ამაზრზენი სანახაობაა დაფლეთილი გვამების გროვა, მაშინ კი ჩვეულებრივი სტატისტიკა იყო, რეაქცია ნული.
გამოვაცილე დათო უკან და ადგილობრივების ათეულიდან რამოდენიმემ ერთდროულად უთხრა “მაგარი ბიჭები გყოლიათ ბატონო დავით” დათომაც ჩვეული სიდინჯით უპასუხა “ჩემი დივერსიულ სადაზვერვო ასეულია” – კიდევ ერთხელ შემეშინდა ჩემივე შენაერთის სახელწოდების
არადა ჩვენებურად “თეთრი გიორგი” გვქვია და მოფერებით “ბელი ჟორას” გვეძახიან
დათოს ერთ-ერთმა თანმხლებმა ჩვენი უშუალო მეთაურის ბრძანებაც ცოტა ხმადაბლად მითხრა, დღესვე კინდღში დაბრუნდითო.
გავაცილეთ დათო და ისევ ცუდი ამბავი, ადგილობრივებს კიდევ ერთი ბიჭი მოუკლეს პერიმეტრის წმენდისას და ვერ გამოყავთ, ჩვენ გვთხოვეს დახმარება, როგორც ჩანს ჩვენზე სერიოზული წარმოდგენა აქვთ და ხომ ვერ გავაწბილებდით? ეხლავე მოვალთ და მივხედავთ მეთქი.
ექვსნი წავედით დასახმარებლად, მე და ცარიელა განუყრელი მეწყვილეები ვართ და უშუალოდ იმ შენობის შტურმს მეტი არც სჭირდება, დანარჩენი ოთხი კი უკან სტრახოვკაზე გვყავს.
დავიწყეთ საწყისი პოზიციის დაკავება და სოხუმის შსს სპეცნაზმაც მოგვისწრო, აღჭურვილობა აქვთ, ცრემლები მომადგა, ეგ რომ ჩვენ ბრძოლისას გვქონოდა, ეეეჰ.
მოკლედ ბრძოლა დასწრებაზეაო და აღარც მათ გამოუთქვამთ პრეტენზია, რომ უკანა რიგებში “მაცქერალის” როლი ერგოთ.
იოლად შევუტიეთ შენობას სადაც სავარაუდოდ ორი აფხაზი უნდა ყოფილიყო, მივუახლოვდით ცეცხლით და ლიმონკებიც ბლომად შევუყარეთ, ავტომატებითაც კარგად დავამუშავეთ და არაფერი, ორი გვამი კი ვიპოვეთ, მაგრამ არ იყვნენ ეგენი ჩვენი დახოცილი, კარგად გაციებულები იყვნენ დაკრეჭილი ოქროს კბილებით, სავარაუდოდ ჩეჩნები.
მოვძებნეთ ჩვენი დაღუპული მებრძოლიც. სავარაუდოდ ტრაფეი იარაღზე ნადირობას შეეწირა.
უხმოდ დავტოვეთ იქაურობა, ვერც კი აღგიწერთ რა შეგრძნებაა, როცა 30-მდე შეიარაღებული კაცი აქეთ-იქეთ იწევა და შუაში, ღირსების კორიდორში გატარებს.
ბრავო სოხუმლებო თქვენთვის ნაღდად ღირდა ბრძოლა.
იქვე აჩადარელებმა დამასაჩუქრეს ტრაფეი “შმელით” რომლითაც გვიბაგუნებდნენ მთელი ღამე რუსები, არ შემშლია, შმელს მხოლოდ რუსი სპეცები ისროდნენ, ახალი აირაღია და საკმაოდ საშიში რომ ჩეჩნებისთვის ან აფხაზებისთვის მიეცათ.
ის ღამეც იქ დავრჩით და დილით, უკვე “მშობლიური” კინდღისკენ გამოვსწიეთ, სადაც თბილისიდან ჩამოსული მთელი ჩვენი ძირითადი შემადგენლობა გველოდებოდა
p.s. მინდოდა ბოლოში შეჯამება გამეკეთებინა, მაგრამ აღარ მაინტერესებს. თავდაცვის სამინისტროს რამოდენიმე მოკვლევამ ვერ გაბედა დაედო ოფიციალური შეფასება და ეს უკვე სამაგალითო დასკვნაა. სამშობლოს გამყიდველები ვერ უსწორებენ თვალს რეალობას.
საქართველო დამარცხდა გამყიდველი ქართველების ხელით. ჯარისკაცს ომი არ წაუგია!
იდეაში სურათზე “თეთრი გიორგი”-ის რაზმია და დავით თევზაძე ისრით მითითებული. ზუსტად არ ვიცი
ბიჯო რუკა რომ დადე ბარემ ჩვენების პოზიციაც მიგეთითებინა რა ვქნა???
სავარაუდო მაინც
საამაყო ისტორიაა. აფხაზეთის ომში ბევრი შეცდომა იყო, იყო ბევრი ღალატი, იყო ბევრი გმირობა.ჩვენ იქ უდიდეს ძალას, დამპყრობელ, ოკუპანტ, დიდ მტერ რუსეთს ვებრძოდით.